"პარასკევი მომავლისთვის" - გლობალურ აქციას ქართული სკოლები შეუერთდნენ
16 წლის შვედი მოსწავლის, გრეტა თუნბერგის ინიციატივას - “ავუმაღლოთ მსოფლიოს ცნობიერება კლიმატის დაცვის თაობაზე” - მხარდაჭერა საქართველოს ასმა სკოლამ გამოუცხადა. გლობალურ აქციას სახელწოდებით, "პარასკევი მომავლისთვის" ქართული სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები შეუერთდნენ. „პარასკევი მომავლისთვის“ აქციას განსაკუთრებული და მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეუერთდა სერვანტესის გიმნაზია „აია-ჯესს“-ი. სკოლის მოსწავლეებმა კლიმატის დაცვის თემაზე შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს და ამით შეეცადნენ მსოფლიოსთვის დაენახებინათ, რომ მომავალი თაობა მხარს უჭერს 16 წლის შვედი მოსწავლის ინიციატივას. საქართველოში „პარასკევი მომავლისთვის“ აქციის გამართვის იდეის ავტორი მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტი მაია ბლიაძე იყო. გლობალურ აქციაში „პარასკევი მომავლისთვის“ პირველიდან-მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. „პალიტრანიუსთან“ საუბრისას სერვანტესის გიმნაზია „აია-ჯესს“-ის გეოგრაფიის პედაგოგი მარინა ხარიტონაშვილი ამბობს, რომ პრობლემებმა, რომლის წინაშეც დღეს დედამიწა დგას, შეიძლება მსოფლიო დიდ კატასტროფამდე მიიყვანოს, ამიტომ მსგავს ინიციატივებში ჩართულობა ყველასათვის მნიშვნელოვანია.