ქართველი მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა“ ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული პროექტი „ბარნის სმარტ ლაბირინთი” გამოავლინა. პროექტის ავტორია სამეცნიერო გუნდი „ობერტონი“.
მასში თბილისისა და ქუთაისის სკოლის მოსწავლეები სოფიო ჩიხლაძე, მარიამ გამრეკელაშვილი, ალექსანდრე ქაჯაია, გიორგი რიგიშვილი და იონა იობიძე მონაწილეობდნენ. შესაბამისად, მოსწავლეები NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გაემგზავრებიან.
"ჩვენი გამოგონება ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის (პრეპარატის, სურსათის, საკვების, ჰაერის, თუ საკვების დაბინძურების და სხვ.) გავლენა მეხსიერებაზე და დავადგინოთ, რა ტიპის მეხსიერება აქვს საკვლევ ობიექტს“, - აცხადებენ პროექტის მონაწილეები.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია ტარდება. მისი მიზანია ახალგაზრდებში ინტერესის გამოწვევა და მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და ინოვაციების მიმართულებით. 

წყარო: imedinews.ge